Tuesday, January 28, 2014

ქართული ხალხური მუსიკა


საქართველო უძველესი, მაღალგანვითარებული მუსიკალური კულტურის ქვეყანაა. ქართველმა ერმა უმდიდრესი ხალხური და პროფესიული მუსიკალური კულტურა შექმნა. ახალი ქართული მუსიკის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ შემოქმედებას. ქართული ხალხური მუსიკის შესახებ ცნობები გვხვდება ძველბერძნულ წყაროებში და ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ქართულ ხალხურ მუსიკებს თავიდანვე ახასიათებდა მრავალხმიანობა. ეს კი იშვიათ სიმდიდრედ ითვლება. უფრო მეტიც, ქართული მუსიკისთვის დამახასიათებელი მრავალხმიანობა განსაკუთრებული და განსხვავებულია. ქართული ხალხური მუსიკისთვის დამახასიათებელი და ყველაზე განსაკუთრებული მხარე ის არის, რომ სრულდება გუნდურად.
საქართველოში ძირითადად განვითარებულია სამხმიანობა. მოიპოვება როგორც ცალფა, ისე ორხმიანი და ოთხხმიანი სიმღერის ნიმუშები. ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება გამორჩეულია პოლიფონიური ფორმებით, ასევე რიტმულ–ინტონაციური სტრუქტურებით.
ქართველი ხალხის ცხოვრებაში მუსიკას ძველთაგანვე ეკავა უმნიშვნელოვანესი ადგილი. მუსიკა თან ახლდა შრომით პროცესებს, დღესასწაულებს, ლაშქრობებს, ნადირობას, ცეკვას, გლოვას.
უძველესი ცნობა ქართველთა წინაპრების მუსიკალური კულტურის შესახებ მიეკუთვნება I ათასწლეულს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
როგორც ირკვევა, ასირიელი მეფე სარგონი (VIII ს. ჩვენს ერამდე) ახსენებს ქართველების ,,მხიარულ სიმღერებს,” რომლებიც ახლდა შრომით პროცესებს, ხოლო ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (V ს. ჩვენს ერამდე) გვაუწყებს, რომ ქართველ ტომებს შორის გავრცელებული იყო სალაშქრო და საფერხულო სიმღერები და ცეკვები. ძველი ქართული მუსიკალური ხელოვნების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, კარტოგრაფი, გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი.

2001 წელს ქართული ხალხური მუსიკალური კულტურა იუნესკომ აღიარა ,,მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი საგანძურის ნიმუშად.

No comments:

Post a Comment