Tuesday, January 28, 2014

მუსიკის წარმოშობა


დედამიწის რომელი კუთხეც არ უნდა ავიღოთ, ყველგან ჟღერს მუსიკა, ამის მიზეზი კი არის ის, რომ მუსიკის გარეშე ადამიანთა არსებობა წარმოუდგენელია.
მუსიკის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვარაუდი. პირველი, ვინც სცადა მეცნიერულად განემარტა მუსიკის ცნება იყო ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი. მისი აზრით, შეძახილებმა და ყვირილმა დაუდო სათავე მუსიკას. დაახლოებით იგივე აზრი ჰქონდა ინგლისელი ფილოსოფოს, სოციოლოგ და ფსიქოლოგ ჰერბერტ სპენდერს, რომელიც მიიჩნევდა, რომ მუსიკა წარმოიშვა აღელვებული მეტყველების ინტონაციის საფუძველზე. ბუნებისმეტყველი ჩარლზ დარვინი კი ფიქრობდა, რომ ნადირ–ფრინველის სასიყვარულო ძახილისგან შეიქმნა მუსიკა.  გერმანელი შტუმპფი პირველყოფილი ადამიანების კოლექტიური ნადირობის დროს გამოთქმულ ბგერით სიგნალებს თვლიდა მუსიკის წარმოშობის საწყისად. ასევე არსებობდა მოსაზრება, რომელიც უკავშირდება მაგიას. ეს აზრი ეკუთვნის ფრანგ მუსიკისმცოდნე ჟიულ კომბარიეს. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ავსტრიელ მუსიკისმცოდნე რიჰარდ ვალაშეკს, ის მუსიკის წარმოშობას ცეკვას უკავშირებდა.
თანამედროვე მეცნიერება კი ასკვნის, რომ მუსიკის წარმოშობაში განსაკუთრებული ადგილი პირველყოფილი ადამიანის სინკრეტულ კომპლექსს უჭირავს. რაც გულისხმობს სიტყვის, ბგერის და ცეკვის ერთობლიობას.
სიტყვა მუსიკა მომდინარეობს სიტყვიდან მუზა. ცხრა მუზა ქალღმერთი, რომლების ზევსის შვილები იყვნენ, თანაბრად ფლობდნენ სიმღერას, მუსიკასა და ცეკვას.
მუსიკა–ეს არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკის ძირითადი ელემენტებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკას ყოფენ ხალხურ და პროფესიულ, ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად.
უძველეს ხანაშივე ჩამოყალიბდა მუსიკალური ჟანრების სახეობები: შრომითი, ყოფითი, სამხედრო, ეპიკურ–თხრობითი, საწესო–სარიტუალო სიმღერები და შესრულების სოლო და საგუნდო ფორმები ზოგჯერ მუსიკის თანხლებით.
ჯერ კიდევ პირველყოფილ საზოგადოებაში ჩაისახა საკრავების ძირითადი სახეობებიც: დასარტყმელი, ჩასაბერი და სიმებიანი საკრავები.





წყარო

No comments:

Post a Comment