Tuesday, January 28, 2014

ქართული ხალხური მუსიკა


საქართველო უძველესი, მაღალგანვითარებული მუსიკალური კულტურის ქვეყანაა. ქართველმა ერმა უმდიდრესი ხალხური და პროფესიული მუსიკალური კულტურა შექმნა. ახალი ქართული მუსიკის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ შემოქმედებას. ქართული ხალხური მუსიკის შესახებ ცნობები გვხვდება ძველბერძნულ წყაროებში და ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ქართულ ხალხურ მუსიკებს თავიდანვე ახასიათებდა მრავალხმიანობა. ეს კი იშვიათ სიმდიდრედ ითვლება. უფრო მეტიც, ქართული მუსიკისთვის დამახასიათებელი მრავალხმიანობა განსაკუთრებული და განსხვავებულია. ქართული ხალხური მუსიკისთვის დამახასიათებელი და ყველაზე განსაკუთრებული მხარე ის არის, რომ სრულდება გუნდურად.
საქართველოში ძირითადად განვითარებულია სამხმიანობა. მოიპოვება როგორც ცალფა, ისე ორხმიანი და ოთხხმიანი სიმღერის ნიმუშები. ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება გამორჩეულია პოლიფონიური ფორმებით, ასევე რიტმულ–ინტონაციური სტრუქტურებით.
ქართველი ხალხის ცხოვრებაში მუსიკას ძველთაგანვე ეკავა უმნიშვნელოვანესი ადგილი. მუსიკა თან ახლდა შრომით პროცესებს, დღესასწაულებს, ლაშქრობებს, ნადირობას, ცეკვას, გლოვას.
უძველესი ცნობა ქართველთა წინაპრების მუსიკალური კულტურის შესახებ მიეკუთვნება I ათასწლეულს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
როგორც ირკვევა, ასირიელი მეფე სარგონი (VIII ს. ჩვენს ერამდე) ახსენებს ქართველების ,,მხიარულ სიმღერებს,” რომლებიც ახლდა შრომით პროცესებს, ხოლო ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (V ს. ჩვენს ერამდე) გვაუწყებს, რომ ქართველ ტომებს შორის გავრცელებული იყო სალაშქრო და საფერხულო სიმღერები და ცეკვები. ძველი ქართული მუსიკალური ხელოვნების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, კარტოგრაფი, გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი.

2001 წელს ქართული ხალხური მუსიკალური კულტურა იუნესკომ აღიარა ,,მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი საგანძურის ნიმუშად.

მუსიკალური მიმდინარეობები


როკი–მუსიკის პოპულარული ჟანრია, რომელიც განვითარდა 1950 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ხოლო 1960 წლიდან დიდ ბრიტანეთში. როკ მუსიკაზე უდიდესი გავლენა იქონია R&B-მ და ქანთრიმ. მისი დამახასიათებელი ინსტრუმენტებია: ელექტრო გიტარა, ბას–გიტარა და დრამი.
ჯაზი–მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა 1920–იან წლებში ნიუ–ორლეანში. მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. არსებობს მოსაზრება, რომ ჯაზი შექმნეს XVII საუკუნეში აშშ-ში აფრიკიდან ჩამოყვანილმა ზანგმა მონებმა. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ. დამახასიათებელი ინსტრუმენტებია: საქსოფონი, კლარნეტი, ბას–გიტარა, ფლეიტა, საყვირი, ფორტეპიანო და ა.შ.
პოპი-ეს არის თანამედროვე მუსიკალური ჟანრი. ის წარმოიშვა 1950-იან წლებში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.  დამახასიათებელი ინსტრუმენტებია ელექტროგიტარა, ბას-გიტარა, დასარტყამები, დრამ-მანქანა, კლავიშები, სინთეზატორი, ტარნტეიბლი.
რეგი–იამაიკური მუსიკალური ჟანრი. ჩამოყალიბდა 1960–იან წლებში ამერიკული მუსიკალური მიმდინარეობების სოულის, ქანთრის, R&B-სა და ჯაზის გავლენით. დამახასიათებელი ინსტრუმენტებია: ბასი, დასარტყამები, გიტარა, ორღანი, ჩასაბერი, მელოდიკა.
ჰიპ–ჰოპი–მუსიკალური ჟანრი, რომელიც ეფუძნება სტილისტური რითმული მუსიკის ჟღერადობას. მას ახლავს რეპი, რითმული რეჩიტატივი. დამახასიათებელია ფირსაკრავით მანიპულირება, გარეპვა, დრამ–მანქანა, სემპლერი, სინთეზატორი, ბითბოქსი.
ბლუზი–მუსიკალური ჟანრი, რომელიც წარმოიშვა აფრო–ამერიკულ გაერთიანებებში XIX საუკუნის ბოლოს. მოგვიანებით შეერია სხვა ჟანრებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ჯაზი, რითმ ენდ ბლუზი და როკ-ენ-როლი. დამახასიათებელი ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი და დასარტყამები.
გოსპელი–სასულიერო ქრისტიანული მუსიკის ჟანრია, რომელიც განვითარდა XX საუკუნის პირველ მესამედში, ამერიკაში. მასში მეტი სპონტანური რეპლიკები და იმპროვიზაციაა.

ქანთრი–ამერიკული ხალხური მუსიკის მიმდინარეობაა. წარმოიშვა XX საუკუნის ოციან წლებში სამხრეთის შტატებში. დამახასიათებელი ინსტრუმენტებია: აკუსტიკური გიტარა, ვიოლინო, ფორტეპიანო, ბასი, დრამი, ჰარმონიკა, ბანჯო.

მუსიკის წარმოშობა


დედამიწის რომელი კუთხეც არ უნდა ავიღოთ, ყველგან ჟღერს მუსიკა, ამის მიზეზი კი არის ის, რომ მუსიკის გარეშე ადამიანთა არსებობა წარმოუდგენელია.
მუსიკის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვარაუდი. პირველი, ვინც სცადა მეცნიერულად განემარტა მუსიკის ცნება იყო ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი. მისი აზრით, შეძახილებმა და ყვირილმა დაუდო სათავე მუსიკას. დაახლოებით იგივე აზრი ჰქონდა ინგლისელი ფილოსოფოს, სოციოლოგ და ფსიქოლოგ ჰერბერტ სპენდერს, რომელიც მიიჩნევდა, რომ მუსიკა წარმოიშვა აღელვებული მეტყველების ინტონაციის საფუძველზე. ბუნებისმეტყველი ჩარლზ დარვინი კი ფიქრობდა, რომ ნადირ–ფრინველის სასიყვარულო ძახილისგან შეიქმნა მუსიკა.  გერმანელი შტუმპფი პირველყოფილი ადამიანების კოლექტიური ნადირობის დროს გამოთქმულ ბგერით სიგნალებს თვლიდა მუსიკის წარმოშობის საწყისად. ასევე არსებობდა მოსაზრება, რომელიც უკავშირდება მაგიას. ეს აზრი ეკუთვნის ფრანგ მუსიკისმცოდნე ჟიულ კომბარიეს. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ავსტრიელ მუსიკისმცოდნე რიჰარდ ვალაშეკს, ის მუსიკის წარმოშობას ცეკვას უკავშირებდა.
თანამედროვე მეცნიერება კი ასკვნის, რომ მუსიკის წარმოშობაში განსაკუთრებული ადგილი პირველყოფილი ადამიანის სინკრეტულ კომპლექსს უჭირავს. რაც გულისხმობს სიტყვის, ბგერის და ცეკვის ერთობლიობას.
სიტყვა მუსიკა მომდინარეობს სიტყვიდან მუზა. ცხრა მუზა ქალღმერთი, რომლების ზევსის შვილები იყვნენ, თანაბრად ფლობდნენ სიმღერას, მუსიკასა და ცეკვას.
მუსიკა–ეს არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკის ძირითადი ელემენტებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკას ყოფენ ხალხურ და პროფესიულ, ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად.
უძველეს ხანაშივე ჩამოყალიბდა მუსიკალური ჟანრების სახეობები: შრომითი, ყოფითი, სამხედრო, ეპიკურ–თხრობითი, საწესო–სარიტუალო სიმღერები და შესრულების სოლო და საგუნდო ფორმები ზოგჯერ მუსიკის თანხლებით.
ჯერ კიდევ პირველყოფილ საზოგადოებაში ჩაისახა საკრავების ძირითადი სახეობებიც: დასარტყმელი, ჩასაბერი და სიმებიანი საკრავები.





წყარო